დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბათუმის პორტში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტს "ფარისევლობას" უწოდებს. კალაძის თქმით, ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ რუსებს აქვთ საქართველოში ხომალდით შემოსვლის შესაძლებლობა.
"სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! ჩვეულებრივ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყონ, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა, იმიტომ რომ გვახსოვს, წლების წინ, მაშინ როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ, გვახსოვს, მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, მიესალმებოდა, მაშინ არ მახსოვს, სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის კითხვა დაესვა, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. [...] საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული", - ამბობს კალაძე.
კალაძის მტკიცებით, რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტი საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული.
"საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის - ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავთ და არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა. ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, დაიცვან კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. რეალურად, რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი მიმართული არის ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ, რომ არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა", - ამბობს დედაქალაქის მერი.
31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.
ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს.
აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.